დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ინფიცირებული პაციენტები ბოჭორიშვილის კლინიკაში არიან მოთავსებულები, ხოლო მანამდე ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმნაძე იმ მოქალაქეებსაც მიმართავს, ვინც თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში იმყოფება და განსაკუთრებული წესების დაცვისკენ მიუთიტებს.
“ახალი სამი პაციენტი მოთავსებულია ბოჭორიშვილის კლინიკაში. მანამდე ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. აქვე მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ოჯახის პირობებშია თვითიზოლაციაში, მაქსიმალურად მოერიდნონ ოჯახის წევრებთან კონტაქტს. ბევრი ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, ოჯახის წევრებიც გახდნენ ავად. დაიცავით ერთმანეთისაგან იზოლაციის წესები”,- აცხადებს იმნაძე.
იმნაძე გართულებული პაციენტების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში გართულებები არ შეინიშნება.
“სიცოცხლისათვის საშიში გართულებები ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ არის. აქ არის ლაპარაკი, რომ მათი ასაკი და თანმხლები დაავადებები თავისთავად რისკის ფაქტორს წარმოადგენენ,. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.
დღეს ახალი ტიპის კორონავირუს “კოვიდ-19”-ის ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევები ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, საკარანტინო სოვრცეში1 575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 რჩება.
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობა უფრო მეტად მკაცრ ღონისძიებებს ატარებს. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი აუცილებლად უნდა დაიკეტოს.