საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი სამი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტიკარაძის თქმით, ყველა პირი დადგენილია, ვინც ახალ პაციენტებთან კონტაქტში იმყოფებოდა და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.
“მოგეხსენებათ, გვაქვს სამი ახალი შემთხვევა. ეს არის ოჯახი, რომელმაც იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც ამ ოჯახთან კონტაქტში იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს”,- აცხადებს ტიკარაძე.
მინისტრის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის ინფიცირების მეოთხე სავარაუდო შემთხვევაც ფიქსირდება.
“ასევე, ჩვენ გვაქვს სავარაუდოდ, ახალი მეოთხე შემთხვევა, რომელიც აჭარაშია და დღის ბოლოს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამ პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას მოგახსენებთ”,- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
დღეს ახალი ტიპის კორონავირუს “კოვიდ-19”-ის ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, საკარანტინო სოვრცეში1 575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 რჩება.
კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, მთავრობა უფრო მეტად მკაცრ ღონისძიებებს ატარებს. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ყველა საცალო ვაჭრობის ობიექტი აუცილებლად უნდა დაიკეტოს.