ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 8 საავადმყოფო მზად არის

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით, 8 საავადმყოფო უკვე მზად არის საჭიროების შემთხვევაში 1045 პაციენტი მიიღოს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, თბილისის ინფექციური, რესპუბლიკური, ბოჭორიშვილი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გორის ჰოსპიტალი, ბათუმის ინფექციური, ქუთაისის “ელჯი” და საჩხერის საავადმყოფო, სრულ მზადყოფნაშია.

მათი განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კერძო სექტორიც ჩაერთვება. თუმცა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა საჭიროების წინაშე დადგება ქვეყანა.

სპეციალისტები თვლიან, რომ ქვეყანაში, სახელმწიფო და კერძო კლინიკებში არსებული 12 ათასი საწოლი საჭირო არ გახდება და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის  40 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229, 973 მიაღწია. გარდაიცვალა 9, 386 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 86, 256 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....