ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევები კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე მძიმე” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ახალი კორონავირუსის გავრცლებასთან დაკავშირებით, “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“კორონავირუსი შეიძლება ისე შემოგეპაროს და ცუდად წავიდეს, რომ ვერც გაიგო. ნელი ინფექციაა, ორგანიზმში დიდ ხანს რჩება. გრიპის ვირუსი არ არის იმდენ ხანს, როგორც ამ ინფექციის ვირუსი. ამიტომაც არის ცუდი. თან გადამდებლობაც ხანგრძლივი აქვს. სანამ პაციენტი ავად არის, მინიმალური დრო არის 20 დღე და ეს 20 დღე გადამდებია პაციენტი. ანუ მსუბუქი შემთხვევები კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე მძიმე.  რადგან მძიმე აუცილებლად იქნება ჰოსპიტალიზებული და იქნება იზოლირებული, მსუბუქი შეიძლება გამოიპაროს, არ იყოს იზოლაციაში, მაგრამ ის გახდეს ვიღაცის დამძიმების და ინფექციის მიზეზი. ანუ გადამდები შეიძლება გახდეს, თუკი მისი გამოვლენა არ მოხდა.” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....