ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პნევმონია კი 11 პირთან ფიქსირდება” – თენგიზ ცერცვაძე

“37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე პაციენტი პრობლემურია, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და აქვთ თანმხლები დაავადებები” – ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული 37 პაციენტიდან პნევმონია 11-ს აღენიშნება.

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევით. გარდა ამისა, 7 პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომელიც როგორც გუშინ და გუშინწინ ვთქვით, პრემიერის განკარგულებით განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად. ანუ, 30 ადამიანი წევს ინფექციურ საავადმყოფოში, 7 წევს დანარჩენ კლინიკებში და ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა.

37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე პაციენტი პრობლემურია, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და აქვთ თანმხლები დაავადებები, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან სხვა. სულ პნევმონია აქვს 11 ავადმყოფს. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვისაც პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია“,-აცხადებს ცერცვაძე.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 38 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს მიაღწია. გარდაიცვალა 8 007 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 82 030 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....