პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ცოლ- ქმარი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი ლალი ტურძელაძე ავრცელებს.
ტურძელაძის ინფორმაციით, დაინფიცირებულ ქალს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს.
„მათ კონტაქტი ჰქონდათ ერთ ინფიცირებულ პაციენტთან, რომელიც ამჟამად მკურნალობს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სწორედ მასთან ჰქონდა ახლო კონტაქტი ქალბატონს. ეს ქალბატონი იყო ბინაზე, ერთი კვირა ჰქონდა ცხელება, შემდეგ თავად მიმართა კერძო გენეტიკურ ლაბორატორიას და გაიკეთა ახალ კორონავირუსზე ტესტი. იქ აჩვენა დადებითი შედეგი, რის შემდეგაც გადმოიყვანა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ“,- განაცხადა ტურძელაძემ.
დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ორი პაციენტი მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ყველა მათგანის კონტაქტი დადგენილია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

