“დღეისათვის დაგვიფიქსირდა დამატებით 4 შემთხვევა. ამ ფაქტს აქვს ერთი დადებითი მხარე, ისევ ის, რომ ჩვენ ყველა ვიცით, თუ რომელი კლასტერიდან არიან, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ორი პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და ორი პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის არის სტაბილური, მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდეგ ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისისნი არიან კორონავირუსის მატარებლები” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება, პირველი პაციენტს, ტიკარაძის განმარტებით მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურია. სამი პაციენტის მდგომარეობა კი შედარებით საყურადღებოა, მაგრამ მათი მდგომარეობაც სტაბილურია.
“პირველი პაციენტი, რომელიც ჩვენ გვყავდა კორონავირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებს თვითიზოლაციაში ყოფნას და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამი პაცენტი რომელთა მდგომარეობა შედარებით ყურადსაღებია, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური და ჩვენ ამ შემთხვევაშიც დამაიმედებელი პროგნოზი გვაქვს. რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ორი პაციენტი მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ყველა მათგანის კონტაქტი დადგენილია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.