ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას”

“იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყანის მაგალითს, თუ როგორ მართავენ ისინი კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მათ მკურნალობას, ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სეხვდერის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის ცნობით, ჩინეთი და სამხრეთ კორეა არის ის ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის ადრეული ფაქტები გამოავლინა და მათი ეფექტური მართვა მოახდინა, ამიტომაც საქართველო ამ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ, გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ისაუბრა აგრესიული ტესტირების ფორმაზე. მისი ინფორმაციით შესაძლებელი იქნება ვირუსის სახლში მკურნალობა და ამაში ოჯახის ექიმები ჩაერთვებიან.

“აგრესიული ტესტირება  არ გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოძებნას და იმის ცოდნას, თუ რომელ ჯგუფშია გავრცელებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს ასევე გრიპის ვირუსზე და ეს არის ზოგადად მიღებული პრაქტიკა, როდესაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემია. კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით 80- დან 82 %- მდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და სწორედ ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

დღეს კორონავირუსის ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათგან ორი პაციენტი მოთავსებულია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ორი კი – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ყველა მათგანის კონტაქტი დადგენილია. 

ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 4 არასრულწლოვანია. დაფიქსირებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და 16 მარტს კლინიკიდან გაწერეს, მაგრამ რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში რჩება.

იტვირთბა....