COVID-19-ის გავრცელების გამო, ირანში ციხეებიდან 85 ათასი პატიმარი დროებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ, Reuters-ი ირანის პენიტენციური სისტემის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, აღნიშნული გადაწყვეტილება რისკის შესამცირებლად მიიღო და დროებით იმ პატიმრებს ათავისუფლებს, რომელთაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი. ისინი საპატიმროს დატოვებამდე ექიმებმა კორონავირუსზე შეამოწმეს.
უკანასკნელი მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსის ინფექციით 853 ადამიანია დაღუპული, ხოლო კლინიკურად დადასტურებული შემთხვევა 15 000-მდე აღწევს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 319-ს მიაღწია. გარდაიცვალა 7 177 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 908 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 34 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.