ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დაახლოებით ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი” – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განცხადება გაავრცელა.

როგორც მინისტრი ამბობს, დაახლოებით ხვალ საღამოსთვის გახდება ცნობილი, არსებობს ეპიდემიის საშიშროება, თუ ჯერ კვლავ დაკავებულია რისკები, რომლის პრევენციაც უკვე ორი თვეა ხდება.

„ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს. თუმცა, დადებითი ეფექტი ის არის, რომ აკრეფილი გვაქვს ჯაჭვი ყველა იმ ადამიანისა, ვისთანაც ეს პაციენტი კონტაქტში იმყოფებოდა, რაც მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. ეს ამსუბუქებს იმ რისკებს, რომელიც შეიძლება, მეოთხეული გადაცემის რისკი გახდეს.

ცუდი სცენარის შემთხვევაში გვქონდა გარკვეული რისკები, რომ მესამე კვირას პიკი გვექნებოდა, მაგრამ ეფექტური მართვის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პიკური პერიოდი შევძელით და გადავავადეთ. ჩვენი მხრიდან მიღწეულია პირველი მიზანი, რომელიც დასახული იყო იანვრის თვიდან, რომ ინფექციის საქართველოში გავრცელება რაც შეიძლება, ნელა და გვიან მომხდარიყო.

ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის სრულ მობილიზებას, რომ გადაზღვეული იყოს ყველა სარისკო მდგომარეობა, მოვახდინოთ ვირუსთან ეფექტური გამკლავება და დროული, სათანადო ზრუნვა ყველა იმ პაციენტზე, რომელიც დაფიქსირდება.

ნამდვილად დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ დღესდღეობით, მთავრობის მუშაობა ეფექტურია. ის 24-საათიან რეჟიმშია გადასული და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რგოლიც ასევე ეფექტურად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში, არის წამყვანი. იმისთვის, რომ პიკური პერიოდი გადავავადოთ, ან გვქონდეს პლატო და შესაბამისად, გეგმური პაციენტების რაოდენობა, გვესაჭიროება, ჩვენმა მოქალაქეებმაც მაღალი ხარისხით შეასრულონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია, როგორც სავალდებულო რჩევა.” – განაცხადა ტიკარაძემ.

ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა ასევე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ რეალობა არ უნდა გავალამაზოთ, რადგან ქვეყანაში შიდა გავრცელება იწყება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 34 შემთხვევაა დადასტურებული.  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 319-ს მიაღწია. გარდაიცვალა 7 177 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 908 პაციენტი. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.

ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....