საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელება არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ყველა სახელმწიფომ პასუხისმგებლიანი მიდგომით უნდა უპასუხოს.
„მსოფლიო გლობალურ გამოწვევას ებრძვის, ეს გარკვეულწილად თავისებური ომია. აქ თითოეულ სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, ამ გამოწვევას უპასუხოს და მოიქცეს პასუხისმგებლიანად. დღემდე ჩვენ ვმოქმედებდით ვირუსის გავრცელების შეჩერების რეჟიმში. ვგულისხმობთ პირველ რიგში იმპორტირებულ გავრცელებას. უწყებათაშორისი საბჭო შევქმენით 28 იანვარს, მაშინ ჯერ კიდევ ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა. 26 თებერვალს შემოიტანა პირველად ირანიდან შემოსულმა მოქალაქემ ეს ვირუსი და შემდეგ გაჩნდა რამდენიმე კლასტერი, იტალიური, ესპანური თუ სხვა. რა სხვაობაა გუშინდელ და გუშინდელს შორის, თუ აქამდე ვებრძოდით იმპორტირებულ შემთხვევებს, დღეს გვაქვს შიდა გავრცელების რისკი, შესაბამისად, სხვა მოთხოვნებია ჯანდაცვის სისტემასთან, სხვა მენეჯმენტი და სხვა რეჟიმია ჩასართავი. ჩვენ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით. როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს გავრცელების რისკი, თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად, ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, – აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ის 34 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1008 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 183 319-ს მიაღწია. გარდაიცვალა 7 177 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 79 908 პაციენტი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
COVID-19-ის წინააღმდეგ პირველი ექსპერიმენტული ვაქცინის დოზა ადამიანის ორგანიზმში უკვე შეყვანილია.
ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.