ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება” – გამყრელიძე

ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ინფექციურში შეყვანილი 4 პირიდან, კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

„გუშინ იყო 4 შემთხვევა, რომელიც ჩვენი კლასიფიკაციით არ ჯდებოდა სავარაუდო შემთხვევათა განსაზღვრებებში, მაგრამ მაინც იქნა მათზე განსაკუთრებული ზედამხედველობა დამყარებული. 2 ჩინელი ბავშვი, ტყუპები, რომლებიც გადმოყვანილები იყვნენ ყაზბეგიდან ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სწრაფი ტესტებით დაუდასტურდათ, რომ იყო A ტიპის H1N1 ვირუსი. შემდეგ ეს ლუგარის ლაბორატორიაშიც დადასტურდა, რასაც საზოგადოება „ღორის გრიპს“ ეძახის, ანუ კორონავირუსული ინფექცია გამოირიცხა. რაც შეეხებოდა ორ ჩვენს თანამემამულეს, ქალს და კაცს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თვითდინებით მიმართა ინფექციურს და მეორე აეროპორტიდან იქნა გადაყვანილი. ისინიც გაიტესტდნენ სწრაფი ტესტით გრიპზე. აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. დღეს მათი ჯანრმთელობა სრულად დამაკმაყოფილებელია,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გუშინვე აღებული იქნა სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის.

„სინჯები ორჯერ გავტესტეთ. ჩვენ ვდგამთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის 5 კორონავირუსის ტიპზე და მათ შორის მერსიკომზე, რომ აღარ ვთქვათ გრიპი და ა.შ. მერსიკოვი იყო კორონავირუსი, რომელმაც 2012 წელს გამოიწვია ეპიდაფეთქება. არცერთ ვირუსზე იქ დადებითი რეაქცია არ იყო. მაგრამ იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ გვაქვს ის სუბტიპი კორონავირუსზე, რომელიც ტრიალებს ჩინეთში, ეს გვექნება, იმედი მაქვს, სამშაბათს ან ოთხშაბათს. გადავწყვიტეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები სრულად ჯანმრთელები არიან, მათი სინჯები გავგზავნოთ როტერდამში, სადაც მოხდება იმ სუბტიპზე გატესტვაც. გრძელდება მუშაობა ქვეყანაში ფართოდ გაშლილი ფრონტით. დღეს სამინისტროში შეიკრიბება საკოორდინაციო საბჭო. პანიკის საფუძველი არ არის ქვეყანაში, თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. მნიშვნელოვანია, სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის იმპორტი და თუ ეს მაინც მოხდა, დროულად გატარდეს შესაბამისი ზომები,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

ეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს.

როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.

საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა. 

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება..

ბოლო მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 213-მდე, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 9692-მდე გაიზარდა.

იტვირთბა....