ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟენევაში პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ეპიდემია გლობალურ საფრთხედ გამოაცხადეს.
როგორც ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა უხანში დადასტურდა, თუმცა ამ გზით გადაცემის უკვე რვა შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში.
ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთთან შედარებით დანარჩენ მსოფლიოში გაცილებით დაბალია, „ახლა ჩვენ ყველამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევზღუდოთ ვირუსის შემდგომი გავრცელება“. ადამონი ვირუსს „უპრეცედენტო ეპიდემიას“ უწოდებს, რომელსაც „უპრეცედენტო საპასუხო ზომები“ სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან ჩინელი ტურისტების ცხრაკაციანი ჯგუფი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს.
ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.
საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლოინფიცირებული 7 700-ს გადააჭარბა.