დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გამოცხადებული, დღეს მთელს მსოფლიოზე გავრცელდა.
მისივე თქმით, საჭიროა ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ამ ინფექციასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის.
„მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით დამთავრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. საგანგებო კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა და ბატონმა ტედროსმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ეს მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იყო 10 დღის წინ გამოცხადებული, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს.
როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.
საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება..
ბოლო მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 213-მდე, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 9692-მდე გაიზარდა.