უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე თურქეთთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გიდასტურებთ, რომ თურქებთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული რეისით მოხდება მათი წამოყვანა უხანის პროვინციიდან“- აცხადებენ საგარეო უწყებაში.
დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე უწყებაში არ საუბრობენ.
შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთი ჩინეთიდან თავის მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციასაც განახორციელებს.
ახალი კორონავირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა. როგორც ცნობილია ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 17 ქვეყანაში ფიქსირდება.
საქართველოში საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განკარგულება გამოსცა.
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდება.
დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 170 ადამიანია, ხოლოინფიცირებული 7 700-ს გადააჭარბა.