ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, ადამიანები, ვისაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვთ დაკავებული, შეიარაღებულები არიან, თუმცა მათ იარაღი ჯერ არ გამოუყენებიათ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ არეულობის შედეგად შვიდმა ადამიანმა მსუბუქი ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.
ბჟანიას თქმით, დროა სამხედროები, ძალოვნები და გენერლებიც კი, დადგნენ აფხაზი ხალხის გვერდით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყება მოვლენებს უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აფხაზეთში მომხდარი მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა“.