ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოხუმში, ოპოზიციის აქციების პარალელურად, დე ფაქტო რეჟიმის მხარდამჭერთა მიტინგი გაიმართება

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერებს განუცხადა, რომ სოხუმში, ოპოზიციის მხარდამჭერთა დემონსტრაციების პარალელურად ე.წ. ხელისუფლების მხარდამჭერთა კონტრაქცია გაიმართება.

„თქვენ იცით, რომ მას ეუბნებიან წავიდეს. ხაჯიმბამ პასუხი გასცა. ჩვენ 15:00 სათზე უნდა შევიკრიბოთ, რომ მხარი დავუჭიროთ“- განაცხადა არშბამ.

მან მხარდამჭერებს მოუწოდა, დაურეკონ ნათესავებსა და ნაცნობებს და აქციას შეურთდნენ.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ  ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სროლის ხმა იყო, თუმცა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარი გააკეთა ასევე ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა მიემართოს იმისკენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები.

ბჟანიას თქმით, დროა სამხედროები, ძალოვნები და გენერლებიც კი, დადგნენ აფხაზი ხალხის გვერდით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყება მოვლენებს უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „აფხაზეთში მომხდარი მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა“.

იტვირთბა....