ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

CNN: “ირანმა სპეციალურად დაარტყა აშშ-ს ბაზებს ისე, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო”

ირანმა სპეციალურად დაარტყა ამერიკულ ბაზებს ისე, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო. ასეთი კომენტარი გააკეთეს CNN-თან “თეთრი სახლის” წარმომადგენლებმა. ისინი თვლიან, რომ ეს იყო გარკვეულწილად, ჟესტი, რომ დაძაბულობა მოხსნილიყო. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ირანს სარაკეტო დარტყმებამდე გაფრთხილებული ჰყავდა ერაყი. CNN-ის ინფორმაციით, ერაყმა, თავის მხრივ, მიაწოდა ინფორმაცია შეერთებულ შტატებს. თუმცა, როგორც Fox News იუწყება, ერაყ-ირანის კონტაქტთან წვდომა ჰქონდა ამერიკის უშიშროებას. ამასთან, Bloomberg-ის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა მართვადი რაკეტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მან წინასწარ იცოდა შესაძლო მსხვეპლის შესახებ.

CNN-ის წყარო ამბობს, რომ თეირანმა არჩია არ მიეღო მნიშვნელოვანი სამხედრო ზომები, რითაც თავი აარიდა მომავალ, სერიოზულ ესკალაციას და შეამცირა შანსი სიტუაცია გადასულიყო საომარ დაპირისპირებაში.

“ჩვენ შეგვეძლო ეს გაგვეკეთებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ…” – ასეთი ფორმულირებით გაავრცელა ინფორმაცია CNN-ის წყარომ.

თუმცა, ჯერჯერობით საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ეს ვერსია, თუკი გავითვალისწინებთ, ირანის მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ გავრცელებულ მყისიერ ინფორმაციას, დაბომბვების შემდეგ, 80 ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

ამის შემდეგ, ირანმა ერაყში, სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

შეერთებული შტატები პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ გეგმავს ომის დაწყებას და მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლება. მისი თქმით, ირანის დაბომბვებს ამერიკული ბაზებისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია.

იტვირთბა....