ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც ერაყის პარლამენტმა ქვეყნიდან უცხოელი სამხედროების გაყვანის შესახებ რეზოლუცია მიიღო, ერაყს სანქციებით ემუქრება.
„თუ ისინი ჩვენ გვთხოვენ, რომ დავტოვოთ ერაყი, ამას ჩვენ ძალიან მეგობრულად არ გავაკეთებთ. ისეთ სანქციებს დავუწესებთ, რომ ირანის სანქციები უფერულად მოეჩვენებათ“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, ერაყელმა პარლამენტარებმა აღნიშნული საკითხის განხილვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 3 იანვარს ერაყში, აშშ-ის იერიშის შედეგად, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა.
ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.
ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.