ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს” – აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ექიმის ტყვეობაში დატოვების უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს.

მისი თქმით, გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ხელისუფლება კვლავ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს.

„სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს. აღარაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. არ დარჩენილა არც ერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვეყენებინოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია – ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმეს განიხილავდა “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებდა. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ექიმის ინტერესებს იცავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი. მიუხედავად საერთაშორისო გამოხმაურებებისა და პროტესტისა, ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს და მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

იტვირთბა....