დღეს, ცხივნალში ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმესაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ საქმეს განიხილავდა “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებდა. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ექიმის ინტერესებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.