“სისტემა მძაფრ, მძიმე მდგომარეობაშია”, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მომხადრთან დაკავშირებით, აუცილებელია, დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.
“მე ვფიქრობ, რომ მყისიერად უნდა დაწყებულიყო გამოძიება. ეს გამოძიება არ იქნა დაწყებული, პირიქით, დაიწყეს მიჩქმალვა საქმის. ირკვევა, რომ ჩოლოიანი იყო სხვა საქმეში, სადაც წამების ფაქტია და ეს ფაქტი იყო დადგენილი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ. გარდა ამისა, როდესაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ვიძიებდით, იქ იყო უამრავი მსგავსი დარღვევა, როდესაც მშობლების გარეშე მიმდინარეობდა დაკითხვები. ამან სერიოზული პრობლემები გააჩინა მაშინ და ჩვენ პირდაპირი რეკომენდაცია გვქონდა, რომ ამ მიმართულებით გამკაცრებულიყო ზომები, თუმცა ხელისუფლებამ მაშინ არ ისმინა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გარკვეული დეტალებია დასადგენი. ეს ვითარება აჩვენებს სისტემის მძაფრ და მძიმე მდგომარეობაში ყოფნას. შესაბამისად, აშკარა არის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს არის სისტემური დანაშაული”, – უთხრა “მეტრონომს” სერგო რატიანმა.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულის შემდეგ, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.
მარიამ იმერლიშვილი