„ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ჟურნალისტებთან პარლამენტში შესვლისას, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე, განაცხადა, რომ ფაქტია, რომ ოპოზიციას აქვს თავის გეგმები და ამოცანები, ხშირ შემთხვევაში პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე
მისივე თქმით, სამართალდამცავები მოქმედებდნენ კანონის დაცვით.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, ამიტომ პარლამენტი აგრძელებს ფუნქციონირებას და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.
პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალურად კანონის ფარგლებში. არის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია და დაცული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, მეორე მხრივ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ კანონის ფარგლებში,”- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მისივე თქმით, ბიუროს სხვა სივრცეში ჩატარება კონსტიტუციური დარღვევა იქნებოდა და ერთადერთი კანონიერი გზა არის, რომ პარლამენტის შენობაში ჩატარდეს პარლამენტის სხდომა.
„ქვეყნის განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ვალდებულება გვაქვს ყველას, მათ შორის ოპოზიციას“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელსაც დარბევის შემდეგ სხეული გადაუცივდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს.