საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5%-ით (173 ლარით) გაიზარდა და 2 217.5 ლარი შეადგინა.
საქმიანობის მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 008.3 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 7%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 373.5 ლარი (გაიზარდა 8.5%-ით);
- მშენებლობა – 3 361.8 ლარი (გაიზარდა 9.8%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 259.1 ლარი (გაიზარდა 11.6%-ით).
2024 წლის IV კვარტალშიც კაცების ხელფასი ქალებისაზე მეტი იყო – ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით განისაზღვრა, ხოლო კაცების – 2 653.8 ლარით. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 189.9 ლარი (7.7%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის IV კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 189.7 ლარით (10.7%) გაიზარდა და 1 955.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.