ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აქციის ერთ-ერთი მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთი მონაწილე, რომელიც წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დასველდა და დაბალი ტემპერატურის გამო, შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს, დაშლის მოწოდების შემდეგ მათ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.

ფოტო: 1tv.ge

იტვირთბა....