რუსთავი ორის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდს, ასაჯაროებს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება. დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
დვალის მიერ გასაჯაროებული ჩვენების ეპიზოდში აღნიშნულია, რომ 2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი.
„შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის, სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ. მისი განმარტებით, ის უშუალოდ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ერასტი კიწმარიშვილთან. დვალათან და აქიმიძესთან მე მქონდა დაძაბული ურთიერთობა და შესაბამისად, მოლაპარაკება დაევალათ ადეიშვილს და მერაბიშვილს“, – აღნიშნულია დავით დვალის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
ჩვენების მიხედვით, სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე.
„დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ. მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა.
კითხვა: რა შეგიძლიათ თქვათ გაკოტრების საქმის შესახებ. ?
პასუხი: როგორც ავღნიშნე, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე. ამისთვის, ადეიშვილს და მერაბიშვილს სჭირდებოდათ გარკვეული მექანიზმები მათ დასაყოლიებლად. ჩემი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გაკოტრების საქმე ერასტიმ წამოიწყო ადეიშვილის მითითებით და ეს დამატებითი ბერკეტი იყო დამფუძნებლებისთვის წილების დასათმობად“, – აღნიშნულია ჩვენებაში, რომლის თანახმად, ოქრუაშვილმა ვერ გაიხსენა, თუ როგორ და რა ფორმით მოხდა თანხის გადახდა აქიმიძისა და დვალისათვის.
დავით დვალი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრს, მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს მასთან და მეორე დამფუძნებელთან, ჯარჯი აქიმიძესთან მოლაპარაკებები არასდროს უწარმოებია.
ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი 2-ს, 20 ივლისის შაბათის კურიერში უთხრა, რომ ის პირადად შეუთანხმდა დვალს და აქიმიძეს სამაუწყებლო კომპანიის წილების გაყიდვის თაობაზე და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო ამ მოლაპარაკებებში.
დვალმა და აქიმიძემ, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ ტელეკომპანიის დათმობის იძულებაში, ტელევიზიის 60 პროცენტიანი წილის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა 2012 წელის დეკემბერში დაიწყეს. მათ მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე, გამოძიება მაშინ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
დავით დვალმა პროკურატურას თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკითხვა კიდევ ერთხელ სოციალური ქსელის მეშვეობით ოქრუაშვილის ბოლო განცხადებების შემდეგ მოთხოვა.
წყარო: რადიო თავისუფლება
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში არ გაასაჩივრებს.
ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.
ამავდროულად, ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ნიკა გვარამია გადაყენების მოთხოვნით მიმართა.
ამავდროულად გვარამიამ განაცხადა, რომ მას კონტრაქტი აქვს და მის ამოწურვამდე არსად წავა.
ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილების გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.
იუსტიციის სახლში ოფიციალურად დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაში როგორც “რუსთავი 2”-ის მესაკუთრე. დოკუმენტების მიხედვით, ის 60 პროცენტის მფლობელია, ხოლო შპს “პანორამა” – 40.
გარდა ამისა, ხალვაშმა მეორე განცხადებითაც მიმართა რეესტრს, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი აღარ არის. ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.
2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.
2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.
მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“.
სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.
ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.