„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას “რუსთავი 2-თან” აქვს კონტრაქტი და 2020 წლის 31 დეკემბრამდე თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.
“მე რა ვადაც მაქვს ამ კონტრაქტით, იმ ვადაში ვაპირებ დასრულებას. ეს არის 2020 წლის 31 დეკემბერი. ამ ვადამდე მე ამ კომპანიამ დამიქირავა დირექტორად, მომცა გარანტიები, მომცა, რადგან სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა უზრუნველვყო, მე არ ვაპირებ ამაზე უარის თქმას, მაშინ ლეგიტიმური ეს გადაწყვეტილება უბრალოდ ვერ იქნება. მე მაქვს გარანტია, რომელიც უნდა იყოს დაცული. ეს არ არის ჩემი გარანტია, ეს არის სარედაქციო გარანტია. მე არ ვაპირებ, რომ ვინმეს მივცე შესაძლებლობა ეს დაარღვიოს. გამორიცხულია”, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიას განცხადებით, ამ მომენტისთვის ის ქიბარ ხალვაშს აქტორად არ განიხილავს.
„სხვაგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია ამ ეტაპზე, მაგრამ მათ გადაწყვეტილებას, აუცილებლად დავემორჩილები, თუ ესე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდრე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არც ვიცით, რა გადაწყვეტილება მიიღეს, ალბათ იტყვიან. მე მათ მაგივრად ვერაფერს ვერ გეტყვით, მანამდე მე არ ვაპირებ „რუსთავი 2“-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში, არ ვაპირებ. არც შემთხვევით მაცვია კამუფლაჟი, პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ვიომებთ. შეგვიძლია და აქამდე ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ. იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.