ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდი შანსია, ნაც.მოძრაობამ ევროსასამართლო მტრულ ორგანიზაციად გამოაცხადოს” – ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათთან დაახლოებულ პარტიებს ერთი მარტივი პრინციპი აქვთ – თუ ისინი არ არინ  ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს ცეცხლი წაკიდებია და განადგურებულა, ამის დასტურია მათი ისტერიკაც

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ისეთ ავტორიტეტულ ორგანოებს მიაყენოს შეურაცხყოფა, როგორიც სტრასბურგის სასამართლოა.

„მათ საქართველოს სასამართლო არ ეყოთ. ბარამიძისა და გოცირიძის განცხადებები მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის. როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ასევე ევროპელმა პარტნიორებმა იციან, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა და მათგან მოსალოდნელი ყველაფერია. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ცოტა ხანში „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიევროპულ ძალად გამოცხადდეს. ანტიევროპული ძალა იმას ნიშნავს, რომ მზად არიან, თუნდაც ევროპას, ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს დაუპირისპირდნენ, თუ ხელისუფლებაში არ მოვლენ, რადგან შინაგანად არ ეთანხმებიან არანაირ ევროპულ ღირებულებებს. მათთვის არაფერს ნიშნავს ადამიანის უფლებები, სამართალი, კერძო საკუთრება და ა.შ. მათი მარტივი ფაბულაა, თუ ხელისუფლებაში არ ვართ და ვინც ხელისუფლებაში მოსვლაში არ მოგვეხმარება, მტრები არიან. ამ ლოგიკით დიდი შანსია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროკავშირი, ევროსაბჭო და ევროსასამართლო მტრულ ორგანიზაციებად გამოაცხადოს, ისინი ამისთვის მზად არიან. ევროპაზე მიხეილ სააკაშვილისა და ბარამიძის შეფასებები ვნახეთ, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ შეურაცხყონ როგორც ევროპული ფასეულობები, ასევე პროდასავლური ღირებულებები. ცოტა ხანში ვნახავთ, რომ ნატო-ზეც დაიწყონ შეტევა და კრიტიკა, რადგან იციან, რომ ხელისუფლებაში ვეღარ დაბრუნდებიან”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

ამავე გადაწყვეტილებით,  გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.

რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.

ქიბარ ხალვაშმა  განცხადება გაავრცელა, რომ ტელეკომპანიას მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებს.

ამავდროულად, ქიბარ ხალვაშმა რეესტრს ნიკა გვარამია გადაყენების მოთხოვნით მიმართა.

ამავდროულად გვარამიამ განაცხადა, რომ მას კონტრაქტი აქვს და მის ამოწურვამდე არსად წავა.

ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2-ის” წილების გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს უკვე მიმართა.

იუსტიციის სახლში  ოფიციალურად დარეგისტრირდა ქიბარ ხალვაში როგორც “რუსთავი 2”-ის მესაკუთრე. დოკუმენტების მიხედვით, ის 60 პროცენტის მფლობელია, ხოლო შპს “პანორამა” – 40.

გარდა ამისა, ხალვაშმა მეორე განცხადებითაც მიმართა რეესტრს, რომლის საფუძველზეც ნიკა გვარამია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი აღარ არის. ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან არ მოსწონდათ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა.

2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.

2017 წლის 3 მარტს, რუსთავი 2-ის ადვოკატების მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობას უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება დაავალა და მიუთითა:
„შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მომჩივანი კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან“.

მოცემული შეჩერების ზომა 2017 წლის 7 მარტს ევროპული სასამართლის მიერ გაგრძელებულ იქნა „მორიგ შეტყობინებამდე“.

სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითად განხილვას 2017 წლის 28 ნოემბრიდან შეუდგა. მხარეთა მიერ პოზიციების წარდგენა 2018 წლის 15 სექტემბერს დასრულდა.

ქართულ სასამართლოებში წარმოებულ პროცესთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საქართველოს სახელმწიფოს უჩიოდა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 მუხლისა (გამოხატვის თავისუფლება) და დამატებითი ოქმის პირველი მუხლის (საკუთრების უფლება) საფუძველზე, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-18 მუხლთან ერთობლიობაში. კერძოდ, მომჩივანი ამტკიცებდა, რომ 2015 წლის 5 აგვისტოს უზრუნველყოფის ღონისძიების განგრძობადი გამოყენებით კომპანიის ქონების დაყადაღება წარმოადგენდა თვითნებურ გადაწყვეტილებას, რაც არაპროპორციულად ზღუდავდა მის საკუთრების უფლებას, უარყოფით გავლენას ახდენდა მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და წარმოადგენდა ტელეარხის გაჩუმების ფარულ მცდელობას. „რუსთავი 2“ ასევე ასაჩივრებდა, რომ ზოგიერთი გარემოების გათვალისწინებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუას ჩართულობა უზრუნველყოფის ღონისძიების პროცედურებში უტოლდებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევას.

გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და სახელმწიფოს 50 000 ევრო ოჯახი სასარგებლოდ დააკისრა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.

სტრასბურგის სასამართლომ გუშინ მესამე საქმეზეც გამოაცხადა განაჩენი. ნოდარ გოგოლაძის წამებისა და არადამიანური მოპრყობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველო გაამტყუნა. სასამართლომ ქვეყანას მომჩივანისთვის 6 000 ევროს გადახდა დააკისრა.

იტვირთბა....