ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, რომელიც სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ მშვიდობიანად უნდა ვთქვათ სათქმელი, რადგან დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარაა, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი.
დავით გარეჯში აქციის “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია” მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მეუფემ აღნიშნა, აქცია მშვიდობიანია, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ დავით გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
“დავით გარეჯში, ჩვენს უწმინდეს და ისტორიულ ადგილზე შეიკრიბა ერი და ბერი, სამღვდელოება, მორწმუნენი, უამრავი ქართველი ადამიანი იმისთვის, რათა კიდევ ერთხელ ხმამაღლა დავადასტუროთ, რომ დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილია, საქართველოს უდიდესი სულიერი საგანძურია და ამის დათმობას, ქართველი ადამიანი არაფრის ხარჯზე, არანაირ ფასად არ აპირებს. ეს არის ჩვენი სათქმელი დღეს ყველას მიმართ, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლების მიმართ, შინაურების მიმართ და ესაა ჩვენი მშვიდობიანი შეკრების მიზანი. რა თქმა უნდა, ერთობით და ჩვენ შეგვწევს ძალა ყოველთვის გადამწყვეტ და კრიტიკულ მომენტში ერთად დავდგეთ”, – აღნიშნა მეუფე ეფრემმა.
რაც შეეხება დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე პატრიაქის გუშინდელ განცხადებას, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ამბობს, რომ ქართველებს ეყოფათ გონიერება, რომ უპირველეს ყოვლისა პატრიარქს მოუსმინონ.
“ჩვენი შეკრება არანაირად არაა გათვლილი პროვოკაციაზე, ჩვენ გვეყოფა იმდენი გონიერება, იმისთვის, რომ მოვუსმინოთ უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პატრიარქს. მაგრამ მოთმინება არ ნიშნავს უმოქმედობას. ეს არის მშვიდობიანი აქცია და პირიქით, ამით ჩვენ გამოვხატავთ ქართველი ერის შინაგან სურვილს, რომ მოლაპარაკებები, რომელიც მიდის ორ ქვეყანას შორის დასრულდეს არა საზიანოდ, არამედ ორივე მხარის საკეთილდღეოდ. მაგრამ ის, რომ დავით გარეჯი, ცალსახად და ისტორიული სამართლიანობით, ყველა მიწიერი თუ სულიერი კანონით, საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ეს გადახედვას არ ექვემდებარება”- განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.
ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.
დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, შეხვედრებს მართავდნენ.