საზღვრის ორი მესამედი არის შეთანხმებული 1996 წლიდან, ერთი მესამედი კი არის შესათანხმებელი. რამდენიმე რთული მონაკვეთია, რომელზეც მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, ჯერ შეჯერებული პოზიციები არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლაშა დარსალიამ განაცხადა.
დარსალიას განცხადებით, გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას.
„საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მოვითხოვეთ განმარტებები სამონასტრო კომპლექსის მახლობლად სხვადასხვა საკითხთან თუ სამუშაოსთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის ზოლის გასწვრივ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა ნაბიჯების გადადგმა, არ უნდა ხდებოდეს სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას. ამაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანულ მხარესთან”, – აღნიშნა დარსალიამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზვიად ანანიაშვილი, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, ჩიჩხიტურის მიმართულებით ხდება გზის გამოყვანა, აზერბაიჯანის მხრიდან. გზის სამშენებლო ტექნიკა მობილიზებული ყავთ და შეუჩერებლად მუშაობენ.
ამის შესახებ განცხადება, ბაქოში გამრთული შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, სადავო ტერიტორიაზე საქართველოს თანხმობის გარეშე ვერანაირი სამუშაოები ვერ ჩატარდება.
დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. მისი განცხადებით გარეჯის ტერიტორიაზე, ვინც წინ გადაეღობება, არცერთი სამინისტრო აღარ დარჩება.
დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით ქართული და აზერბაიჯანული მხარეები, შეხვედრას დღესაც გამართავენ.