“არანაირი ტექნიკური შეცდომა. ბოდიში ჩემს თანაგუნდელებთანაც, მაგრამ ეს არასწორი განმარტებაა.
არავინ სვამს კითხვას, ქუთაისში რატომ არ ხდებოდა მსგავსი შემთხვევები.
პასუხი და რეალობა, რაც არ უნდა უხერხული სათქმელი იყოს, არის ერთი და მარტივი – ქუთაისში ხმა ისმოდა. თუ დარბაზში ცოტა მაინც ხმაურია,
დეპუტატებს არ ესმით სპიკერის ხმა – რომელ კანონპროექტს ეყრება კენჭი. პრინციპში ეს პრობლემა მალე მოგვარდება.
თავის მხრივ კი ერთი დადებითი მხარე, რაც ნათლად გამოჩნდა – დეპუტატები თუ ვერ უსმენენ რომელ საკითხს ეყრება კენჭი, ისინი მექანიკურად არ აძლევენ ხმას (ამაზეც ხშირად გაგვიგია კრიტიკა).
ობიექტურობისთვის ასევე უნდა ითქვას, რომ სანამ სხდომათა დარბაზში ტექნიკური პრობლემა (ხმის და აკუსტიკის) არ მოგვარდება, დეპუტატმა კეთილი უნდა ვინებოთ და მაქსიმალურად შევინარჩუნით სიჩუმე.
რაც არ უნდა ვიშაყიროთ წითელზე და მწვანეზე (სხვათა შორის ჩვენც მათ შორის), ეს არის ერთადერთი და სრული სიმართლე”, – წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა.
უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და განაცხადა, რომ ხმაურში ვერ გაიგო რა კანონპროექტს უყარეს კენჭი.
თუმცა, კანონპროექტს პარლამენტი ხელახლა უყრის კენჭს.