საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნით მოსწავლეებს პრობლემები არ შეექმნებათ.
„რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ანუ სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას. ამიტომ, უახლოეს მომავალში მოხდება დადგენილი რეგლამენტითა და წესებით სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა პარლამენტში. პრობლემა ბავშვებს არ შეექმნებათ. ვინაიდან და რადგანაც არის მესამე მოსმენა, იქნება განმეორებითი კენჭისყრა და დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნული კანონის პროექტი გავა. ისევ დაჩქარებული წესით მოხდება განხილვა. თავიდანვე თავად კანონის პროექტი იყო დაჩქარებული წესით წარდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა ნათია ზედგენიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა.
უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და განაცხადა, რომ ხმაურში ვერ გაიგო რა კანონპროექტს უყარეს კენჭი.
თუმცა, კანონპროექტს პარლამენტი ხელახლა უყრის კენჭს.