ვნანობ, ეს არ არის კარგი, ამას მოჰყვა გამოხმაურება, ეს არ არის არც ჩემი საქციელი და არც სპორტსმენის. უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გეგეშიძის განცხადებით, სპორტსმენებმა ვარჯიში უნდა გააგრძელონ, რადგან წელს ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვების წელია.
გეგეშიძის განცხადებით, მისი დარჩენა-არდაჩენის საკითხი პრეზდიუმის სხდომაზე გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 იანვარს, ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის გამართული ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მასობრივი ჩხუბი მოჰყვა.
დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მას ჩხუბის დროს გეგეშიძემ თავში რამდენჯერმე ჩაარტყა და გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა.
თუმცა, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღინისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. გეგეშიძე სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. სასამართლომ გეგეშიძე ასევე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავებას ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი გამოეხმაურება. დათუნაშვილის თქმით, მას არავის დაკავების სურვილი არ ჰქონია. ის მხოლოდ გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვდა, რადგან, მისი აზრით, ფედერაციის პრეზიდენტი, რომელიც სპორტსმენზე ხელს აწევს, თანამდებობაზე აღარ უნდა იყოს. დათუნაშვილმა ისიც განაცხადა, რომ გეგეშიძეს ერთ-ერთი სპორტსმენის ჩაჩოჩება და მისი მოსწავლის დაყენება სურდა.
მოჭიდავეების შერიგება პატრიარქმა ითავა. დათუნაშვილის განცხადებით, ის გეგეშიძეს მხოლოდ პირად წყენას აპატიებდა.
დათუნაშვილი ამ დრომდე ითხოვს, რომ გეგა გეგეშიძემ თანამდებობა დატოვოს.