„თუკი პატრიარქი მომიწოდებდა, მე შევძლებდი, რომ პირადი წყენა მეპატიებინა გეგეშიძისთვის… მაგრამ ჩემი მოთხოვნები პირადს სცდება“, – ამის შესახებ “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, ითანამშრომლოს ჭიდაობის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან და პოსტიდან მის გადადგომას ითხოვს.
დღეს ძიუდოსიტები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდნენ.
შეხვედრა ქართულ ძიუდოში არსებული დაპირისპირების დასასრულების მიზნით შედგა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ხაბარელის განცხადებით, პატრიარქთან მისვლა ყველას ნება იყო.
„კარგი რამ მოხდა დღეს – შერიგება ძიუდოისტების. პატრიარქმა დალოცა და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი, რასაც ჰქვია დაპირისპირება, აღარ უნდა იყოს. ეს იყო ნება ყველასი, რომ პატრიარქთან მოსულიყვნენ და შერიგებულიყვნენ. ყველაფერი კარგად იქნება. ეს არ არის მხოლოდ იაპონიის ინციდენტი, ამას ჰქონდა მთელი პროცესი, მთელი წელი მიმდინარეობდა დაპირისპირება სპორტსმენებს შორის, რაც ყველაზე ცუდი იყო. დღეს ყველა ერთმანეთს მოეფერა და ეს ინციდენტი ამოწურულია“, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.