ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს პროტესტი მოჰყვა

თურქეთში რეფერენდუმის შედეგებს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. აქციების საპასუხოდ კი, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა.

სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა, მოქალაქეები საკონსტიტუციო რეფორმის მიღებას აპროტესტებენ, ოპოზიციონერი ლიდერები  კი საკონსტიტუციო მმართველობის შეცვლით სიტუაციის არევას და ქვეყნის უკუსვლას პროგნოზირებენ. აქციები სტამბოლის გარდა, თურქეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ანტალიაში 13 ადამიანი დააკავეს.

ოპოზიცია დემონსტრანტებთან ერთად აქციების გაგრძელებას გეგმავს. ამის  პარალელურად კი პრეზიდენტი ერდოღანი  საერთაშორისო დამკვირვებლებს აკრიტიკებს,  რომელთა ანგარიშშიც საუბარია, რომ რეფერენდუმი საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, კვირას ჩატარებული რეფერენდუმი ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იყო, რაც კი ოდესმე ჩატარებულა დასავლეთში.

შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმები უკვე დათვლილია. ამომრჩეველთა 51,34%-მა მხარი კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას დაუჭირა.

ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა – “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

იტვირთბა....