საგარეო საქმეთა სამინისტრო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოსაზრებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:
“ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში.
ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება”,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც სებასტიან კურცის მოსაზრებით, ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას. კურცი მიიჩნევს, რომ ასეთი ცენტრები “შესაძლებელია განთავსდეს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად საქართველო, ეგვიპტე ან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები”.