ახალი ამბები მთავარი სამართალი

კანონი იცვლება? – “კანონიერი ქურდობა” სასამართლო დარბაზში აღიარა და გაათავისუფლეს

ქურდული სამყაროს მიმართ კანონმდებლობა მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას, გაზეთ “პრაიმტაიმთან” საუბრისას, შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საჯაროდ მომავალი წლის დასაწყისში ისაუბრებს.

“ჩვენ ვმუშაობთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე. იგი 2017 წლიდან ამოქმედდება და ჩვენს გამოწვევებსა და ხედვებს ასახავს ამ სფეროში. პარალელურად, მიმდინარეობს  საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, რომელიც ამ მიმართულებით არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის და ეს კანონმდებლობა იქნება უფრო დახვეწილი კანონიერი ქურდების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. სამუშაო პროცესში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ როგორც ჩვენთან არსებული რეალობა, ისე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გამოწვევები და ტენდენციები ევროპაში. მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, იტალიის ანტიმაფიის ეროვნული დირექტორატის პროკურორებთან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. ვფიქრობ ეს პროცესი მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება და დეტალებზე საჯაროდ ვისაუბრებ”, – აცხადებს “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი.

“პრაიმტაიმი” გასულ კვირას წერდა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო დარბაზებიდან რამდენიმე „კანონიერი ქურდი“ გაათავისუფლეს.

როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედებს ე.წ. ქმედითი სამართალი, ანუ თუ დანაშაული ქმედებაში არ იქნა გამოხატული, ის ვერ გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი, თუმცა დაგეგმილი ცვლილებებით, შესაძლოა, ქურდული სამყაროს მიმართ ეს სტანდარტი შეიცვალოს და კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” კიდევ უფრო გამკაცრდეს.

უკანასკნელი, ვინც სასამართლო გამამართლებელი განაჩენით დატოვა, „კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი-ჩაჩიბაია გახლდათ, თუმცა ის არ ყოფილა ერთადერთი, მანამდე ქართულმა მართლმსაჯულებამ უდანაშაულოდ ცნო „კანონიერი ქურდები“: რევაზ ლორთქიფანიძე, თემურ გვასალია და კახა ორაგველიძე.

დავით გერლიანი-ჩაჩიბაია (სვანა)

42 წლის დავით გერლიანს სხვადასხვა ქვეყნის საპატიმრო დაწესებულებებში, საერთო ჯამში, 20 წელი აქვს გატარებული. 2014 წელს „ლავას ოღლის“, იგივე მინდია გორაძისა და გიგა ვიბლიანის ინიციატივით, ის ხოფაში კიდევ 4 ქართველთან ერთად ქურდად „მონათლეს“, თუმცა თავად აცხადებს, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის მონათლული, ისიც 1974 წელს, ქრისტიანული წესით. 2016 წლის ივნისში უკრაინიდან საქართველოში მისი ჩამოსვლა პოლიტიკური სკანდალის მიზეზიც კი გახდა.

რევაზ ლორთქიფანიძე („რეზო ტბილისკი“)

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ერთი წლის წინათ დააკავა საქართველოში ჩამოსული „კანონიერი ქურდი“ რევაზ ლორთქიფანიძე, თუმცა რამდენიმე თვის წინ ის სასამართლო დარბაზიდან ოვაციების თანხლებით გაათავისუფლეს.

შსს-ს ინფორმაციით, 67 წლის წლის „კანონიერი ქურდი“ სხვადასხვა ორგანიზებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, საქართველოსა და საფრანგეთში ქურდული საერთოს – ე.წ. „ობშიაკის“ თანხების შეგროვებისა და განკარგვის საკითხებში მონაწილეობდა.

რევაზ ლორთქიფანიძე ითვლება ქურდული ტრადიციების მკაცრ მიმდევრად და ე.წ. თბილისური ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად. „კარიერის“ განმავლობაში 6-ჯერაა ნასამართლევი, მათ შორის რამდენჯერმე რუსეთის ფედერაციაში. ძირითადად ბრალს ხულიგნობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის უყენებდნენ. მთლიანობაში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული აქვს 15 წელზე მეტი.

2012 წელს ადეიშვილის უწყებამ ფოტო და ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში გოგა ხაინდრავასა და რევაზ ლორთქიფანიძის შეხვედრას ასახავს. პროკურატურა ამით იმის მტკიცებას შეეცადა, რომ ოპონენტები ხელისუფლების დამხობას „კანონიერი ქურდების“ მეშვეობით ცდილობდნენ. გოგა ხაინდრავა პროკურატურაში დაკითხვაზეც დაიბარეს, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა.

თავად ხაინდრავას თქმით, ლორთქიფანიძე მისი ბავშვობის მეგობარია, რომელსაც ის საფრანგეთში ნამდვილად შეხვდა.

„მე ვიყავი 12 წლის, რევაზ ლორთქიფანიძე კი იყო 8 წლის, როდესაც ხილიანის #23-ში ერთად დავიწყეთ ცხოვრება მწერალთა სახლში. მამამისი მამაჩემის მეგობარი იყო. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და 22 წელი ერთ სახლში ვცხოვრობდით. მე ჩემს მეგობრებს არ ვემიჯნები, ვერც წარსულს წავშლი და ვერც ცხოვრებას დავიწყებ თავიდან. რეზო ლორთქიფანიძე იყო, არის და იქნება ჩემი მეგობარი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კახაბერ ორაგველიძე („კახა ტბილისკი“)

სასამართლომ ასევე უდანაშაულოდ ცნო „კანონიერი ქურდი“ კახაბერ ორაგველიძე, იგივე „კახა ტბილისკი“. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენის საფუძველზე, „კანონიერი ქურდი“ სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა.

ორაგველიძემ ქვეყანა მაშინვე დატოვა, თუმცა მოგვიანებით ის კიევში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, ორაგველიძე რუსეთში 1998 წლიდან განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა.

მას მომავალი 5 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. „კრიმინალური ავტორიტეტი“ გასულ წელს უკრაინის ტერიტორიაზე ანექსირებული ყირიმის გავლით შევიდა. უცნობია, ამჟამად რომელ ქვეყანას აფარებს თავს.

თემურ გვასალია („თემო სუხუმსკი“)
ზუგდიდის სასამართლოდან გაათავისუფლეს „კანონიერი ქურდი“ თემურ გვასალია. მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო, მიუხედავად იმისა, რომ „კანონიერი ქურდობა“ სასამართლო დარბაზშივე აღიარა.
გვასალია სოფელ რუხში დააკავეს. დაკავების ოპერაცია განხორციელდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
გვასალია საქართველოში ყალბი, თემურ სონგულიას სახელზე გაცემული პასპორტით შემოვიდა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, როგორც ოპერატიული ინფორმაცია მოწმობს, თბილისში მკურნალობის მიზნით. მას დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება და ნარკოლოგიური შემოწმებით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი.
გვასალია ერთ-ერთია იმ 11 „კანონიერი ქურდიდან“, ვინც დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობენ აფხაზეთის კრიმინალურ წრეებში და ერთადერთი ქართველი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ ყველაზე ავტორიტეტულ „კანონიერ ქურდებს“ შორის.

გვასალიას „ქურდული ნათლობა“ 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში მოხდა „კანონიერი ქურდების“ – ვალიკო ჯეჯიას (ვალტერი), გიორგი უგლავას (ტახი) და ირაკლი ყალიჩავას (იკა ხუტუ) მიერ.

ზუგდიდის სასამართლოს მიერ განთავისუფლებულმა გვასალიამ დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას „კანონიერი ქურდობა“ არ უარყო. მიუხედავად ამისა, მოსამართლე შოთა ბიჭიამ მტკიცებულებების არარსებობის გამო, გვასალია უდანაშაულოდ ცნო.

primetime.ge

იტვირთბა....