“საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება ხორციელდება, – აღნიშნული პროექტი დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ჯანდაცვის კომიტეტში განიხილეს.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, უმცროს ექიმს, რომელსაც 2015 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაწყებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში მზადება, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მიეცემა უფლება, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბაროს და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მას დასრულებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების კურსი.
როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, ადამიანური რესურსის მართვის დაგეგმარება, ისევე, როგორც სხვადასხვა სფეროში, სამედიცინო სფეროშიც საკმაოდ ფრაგმენტული იყო.
“რთული იყო ერთიან კონტექსტში მოქცევა დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სწავლების, მათ შორის, რეზიდენტურის ეტაპის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომლის დაფინანსების მექანიზმებზე ჩვენ ცალკე უნდა ვიმსჯელოთ, რათა რეალურად შეიქმნას ახალი კვალიფიციური კადრების მომზადების საფუძვლები“, – აღნიშნა ჯაშმა.
მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება რეალურად მისცემს საშუალებას რეზიდენტურის კურსდამთავრებულებს, რომ გაიარონ შესაბამისი გამოცდა და, შესაბამისად, მოხდეს მათი კვალიფიკაციის აღიარება.