სადახლოზე, სარფსა და ყაზბეგში არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ასევე სგპ სარფსა და ყაზბეგში 5-11 ოქტომბერს მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საქართველოში კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
„კანონდარღვევის 2 შემთხვევა (185,86გრ, 67.37გრ. ჯამში 255,23გრ.) დაფიქსირდა სგპ სადახლოზე. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 16,823.18 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 16,823.18 ლარი დაეკისრათ“, – აცხადებენ სამსახურში.
მათივე თქმით, სგპ სარფსა და ყაზბეგში გამოვლენილი საქონლის, არადეკლარირებული ოქროსა (245,08გრ.) და ვერცხლის (24,81 გრ.) ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ კი ჯამში 14,519.09 შეადგინა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 14,519.09 ლარის ოდენობით დაეკისრათ.