პროკურატურამ, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასა და მის შვილზე, მოწმე დავით სტურუას ცემის ფაქტზე დავით ნაცვლიშვილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს პროკურატურის მიერ, მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დავით ნაცვლიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე და მის შვილზე – მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ, სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო თავი ჩამოიხრჩო.