უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2026 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე უნდა დაიწყოს.
მინისტრის თქმით, ყველა კლასტერის ივნისის ბოლომდე გახსნა რეალური მიზანია.
„გამოვდივართ იქიდან, რომ კლასტერები ივნისში უნდა გაიხსნას. ორბანის მთავრობის მიერ შექმნილი მთავარი
პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია“, – განაცხადა სიბიგამ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ საუბარია ექვსივე კლასტერის გახსნის დასრულებაზე და რომ ევროკავშირის ყველა პირობა შესრულებულია.
„ვფიქრობთ, რომ სამართლიანია ევროკავშირისგან შეფასების მიღება და ეს შეფასება კლასტერების გახსნას გულისხმობს“, – აღნიშნა სიბიგამ.
ანდრეი სიბიგამ დღეს უნგრელ კოლეგასთან ანიტა ორბანთან შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში პირველი შეხვედრა გამართა.
მისი განცხადებით, შეხვედრაზე შეაფასეს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით ექსპერტთა დონეზე გამართული ორმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდი და შეთანხმდნენ, რომ მეორე რაუნდი მომავალ კვირას გაიმართება.
ამასთან, უკრაინის საგარეო მინისტრის განცხადებით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების კლასტერების დროული გახსნის კრიტიკულ მნიშვნელობას.
„შევთანხმდით, რომ ჩვენი დიალოგის აღდგენა დადებითი მოვლენაა ორივე ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის, ასევე შევთანხმდით შემდგომ ორმხრივ კონტაქტებზე ყველა დონეზე“, – აღნიშნა სიბიგამ.

