გორის რაიონის სოფელ ზემო სობისში რუსი ოკუპანტები იმ მოსავალს იღებენ, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე საქართველოს მოქალაქეებმა დათესეს. ამ დროის მონაცემებით, ოკუპანტებმა კიდევ დაახლოებით 6 ჰექტარი მიწის ფართობი მიიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით, რუსეთის მხარემ ტექნიკით ამ მოსავლის აღება გვიან ღამით დაიწყო, სადაც საქართველოს მოქალაქეებს აღარ უშვებენ.
“წუხელ გვიან უკვე დაიწყო რუსების მხარემ ტექნიკით ამ მოსავლის აღება, სადაც ჩვენს მოქალაქეებს აღარ უშვებენ. როგორც ასეთი, რომ ან მავთულხლართი იყოს გაბმული, ან სადმე ახლოს ბანერი იყოს განლაგებულ, ასეთი აქ არ არის. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არ მისცეს ჩვენს მოსახლეობას თავისი კუთვნილი მოსავლის აღების და დაბინავების საშუალება. ჩვენი მხრიდან ყველა უწყება და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაყენებულია საქმის კურსში, რათა მოხდეს შემდგომი რეაგირება“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.