ბოლო რამდენიმე დღეა თხილი საგრძნობლად გაიაფდა. ბათუმში ერთი კილოგრამი თხილის ჩაბარების ფასმა ორ დღეში თითქმის 2 ლარით დაიკლო. თხილი გაიაფდა მეზობელ გურიასა და სამეგრელოშიც. აგრომეწარმეების თქმით, ფასის კლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა.
ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონის“ მიმდებარედ, 1 კილოგრამ, ახალ, გაუტეხავ თხილს მაქსიმუმ 3,5 ლარად ყიდულობენ. რამდენიმე დღის წინ კი 5-5,2 ლარიც ღირდა.
„რამდენადაც ვიცი, ზუგდიდში ქარხნები ვერ ამუშავებენ თხილს და შეამცირეს მიღება. ამიტომ დაეცა ფასიც. ძველი, შარშანდელი თხილი ფაქტობრივად არავის უნდა. შესაძლოა 2,5 ლარი გადაგიხადონ აქ. კარგ, ახალ თხილში კი, მე 3,5 ლარს ვიხდი,“ – გვითხრა თხილის ერთ-ერთმა მიმღებმა.
კარგი და ხარისხიანი თხილი, მაგალითად ე.წ. „ბერძნულა“, შესაძლოა ბათუმში მაქსიმუმ 4 ლარადაც ჩააბარო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში ნედლი თხილის ჩაბარების ფასი 4-5 ლარი იყო. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ერთ კილოგრამ თხილში მომხმარებელს 4-დან 6-ლარამდე თანხის გადახდა მოუწევს.
თხილის გადამამუშავებელ კომპანია „ნათინვესტში“, რომელიც ზუგდიდში მდებარეობს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფასის დაკლების მიზეზი უხარისხო პროდუქციაა: „შეხედავ თხილს, კარგია გარედან, მაგრამ რომ გატეხ, ბევრს გული არ აქვს, ან დამპალია. სამეგრელოში წელს არ ვარგა თხილი, გურიაში შედარებით არაუშავს. ზუგდიდში ახლა 4 ლარია მიღება, ქარხანაში ჩაბარების ფასი კი – 4,3-4,4 ლარი. ფასი თუ აიწია, მაქსიმუმ შეიძლება მიაღწიოს 6 ლარს, 7-ს არავითარ შემთხვევაში“.
მეწარმეები თხილის ნაყოფის უხარისხობას გავრცელებულ დაავადებებსა და აგროპრეპარატებსაც უკავშირებენ. „დაავადებულია თხილი, განსაკუთრებით სამეგრელოში – ნაცარი, სოკო… ამასთან, შხამქიმიკატები, რითაც წამლავენ, ალბათ უვარგისი და შეიძლება მავნებელიც კი არის მცენარისთვის. ათასი პრეპარატი შემოაქვთ და რომელია ადაპტირებული და კარგი ჩვენს შემთხვევაში, არავინ იცის,“ – გვითხრა „საგა 2008“-ს წარმომადგენელმა. ეს კომპანიაც ზუგდიდში მუშაობს.
აჭარის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, ფასებს ბაზარი არეგულირებს, ის ძირითადად ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუმცა მიუხედავად არსებული ფასებისა, „არის კარგი მოლოდინები და თხილს საკმაოდ მზარდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია“.
რაც შეეხება მოსავლიანობას და ნაყოფის ხარისხს, მამუკა თურმანიძის თქმით, ისევე როგორც ყველა კულტურას, მეწლეობა ახასიათებს თხილსაც, თუმცა არა ისე მკვეთრად გამოხატული, როგორიც, ვთქვათ, ციტრუსს აქვს, ამიტომ მოსავლიანობაში სხვაობა წლების მიხედვით ფაქტობრივად უმნიშვნელოა: „ამასთან, მოსავლიანობაზე დიდ გავლენას ახდენს მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაც – თუ რას და როგორ იყენებენ ფერმერები, ასევე გარემოფაქტორები, კლიმატური პირობები“.
აჭარაში, თხილის აქტიურად მოშენების პარალელურად, თავი იჩინა მავნებელმა დაავადებებმაც – თხილის ტკიპა, ხარაბუზა, ამ ბოლოს გავრცელდა თხილის ნაცარიც. თუმცა, სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში რომელიმე მათგანის მასიურ გავრცელებასთან არ გვაქვს საქმე.
„ნაყოფის ხარისხსა და მცენარის შემდგომ ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს ეს დაავადებები. ნაყოფის ხარისხზე ასევე უარყოფითად მოქმედებს სხვადასხვა ნივთიერების ნაკლებობაც ნიადაგში. ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. რომელიმე ერთის, თუნდაც დაავადების გამოყოფა, რომ აი, კონკრეტულად ეს არის მცენარის ნაყოფის უხარისხობის მიზეზი, მიუღებელია,“ – აცხადებს მამუკა თურმანიძე.
შხამქიმიკატებთან და აგროპრეპარატებთან დაკავშირებით მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ მათი სწორად შერჩევა და ზუსტად გამოყენება არანაირ ეკოლოგიური სტანდარტების დარღვევას არ გამოიწვევს და პირიქით, მოუხდება როგორც მცენარის შემდგომ გაჯანსაღებას, ასევე გააუმჯობესებს ნაყოფის ხარისხსაც: „ყველაფერს უნდა გონივრული მიდგომა და გამოყენება. პრეპარატები, რაც ჩვენს ბაზარზეა, არის გერმანული და შვეიცარული წარმოების, შესაბამისად, დანიშნულებისამებრ თუ მოხდება მათი გამოყენება, პრობლემა არ იქნება. ვიმეორებ, რომ საჭიროა კონკრეტული პრეპარატის სწორად შერჩევა კონკრეტულ დაავადებაზე და ამ პრეპარატის ზუსტი გამოყენება.“
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მოქმედი საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრები ჩართულები არიან და მიდის მუშაობა ფერმერებთან, თუ როგორ უნდა განახორციელონ თხილის, ასევე სხვა კულტურების წამლობა, რა პერიოდში, რა პრეპარატები გამოიყენონ.
საექსპორტო ათეულში თხილი მეოთხე ადგილზეა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან 78,9 მილიონი აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალია ექსპორტირებული.
ქართული თხილის საექსპორტო პოტენციალის ზრდასთან ერთად მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის სოფლებში თხილის ბაღებმა ტრადიციული სიმინდის კულტურა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა.
წყარო: “ბათუმელები”