პენტაგონის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით Bloomberg-ი წერს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინამ 400 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა – ეს წარმატება რუსი ოკუპანტების მიერ Starlink-ის ტერმინალების გამოყენების შეზღუდვას უკავშირდება.
შავ ბაზარზე შეძენილი ტექნიკის გათიშვამ რუსულ ძალებში საკომუნიკაციო ვაკუუმი და ქაოსი შექმნა, რამაც ფრონტის ხაზზე მათი საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შეასუსტა.
აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ „რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები უკრაინაში დროებით, თუმცა მნიშვნელოვნად შეფერხდა მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ ათასობით Starlink-ის ტერმინალის დეაქტივაცია შეძლო. რუსული ძალები ამ მოწყობილობებს უკანონოდ იყენებდნენ ძალების გადაადგილებისა და დრონების დარტყმების კოორდინაციისთვის იმ რეგიონებში, სადაც სხვა კავშირგაბმულობის საშუალებები არასაიმედო იყო ან ადვილად იხშობოდა“.
Bloomberg-ი დასძენს, რომ საოკუპაციო ჯარებმა ე.წ. ორმაგი დარტყმა მიიღეს, ვინაიდან აღნიშნული კრიზისი დაემთხვა კრემლის მიერ რუსი სამხედროებისთვის Telegram-ის გამოყენების აკრძალვასა და შეზღუდვას.

