რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ უკრაინამ მნიშვნელოვანი ტერიტორია დაიბრუნა, – ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით, აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს ინფორმაციით, წელს უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნა მას შემდეგ, რაც ათასობით Starlink პორტატული ინტერნეტ ტერმინალი რუსებისთვის მიუწვდომელი გახდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს კონტრშეტევითი ოპერაცია კიევის პირველი დიდი ტერიტორიული მიღწევაა 2023 წლის შემდეგ.
„რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებმა უკრაინაში დროებითი, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუარესება განიცადა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა თებერვალში მიიღეს ზომები Starlink-ის ათასობით ტერმინალის გასათიშად, რომლებსაც რუსული ძალები უკანონოდ იყენებდნენ დრონების გადაადგილებისა და დარტყმების კოორდინაციისთვის იმ ადგილებში, სადაც კომუნიკაციები არასანდო იყო ან ადვილად იჭედებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, რუსეთის სამხედროებისთვის არაოფიციალურად გამოყენებული Starlink-ის ტერმინალების მასობრივი გათიშვა 2026 წლის თებერვლის დასაწყისში მოხდა. რუსულმა მხარემ 18 თებერვალს დაადასტურა, რომ Starlink-ზე წვდომა აღარ აქვთ.

