„ჩვენი სტრატეგიული მიზანია – მტერს ყოველ კვადრატულ კილომეტრზე წინსვლისთვის მინიმუმ 200 დანაკარგი მივაყენოთ. დინამიკა აჩვენებს, რომ უკრაინამ საგრძნობლად შეანელა მტრის წინსვლა და ეტაპობრივად იღებს ინიციატივას. ამავდროულად, ჩვენ ვააქტიურებთ საბრძოლო მოქმედებებს და ვათავისუფლებთ ტერიტორიებს“ – აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
ფედოროვი რუსეთის დანაკარგების ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის, ილონ მასკის თებერვლის გადაწყვეტილებას, საოკუპაციო ძალებისთვის Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი გამოერთო. მინისტრის თქმით, მოსკოვმა ვერ შეძლო ამ სისტემის ჩანაცვლება, რამაც უკრაინელ დამცველებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით სარგებლობის საშუალება მისცა.
კიდევ ერთი ფაქტორია უკრაინის სურვილი, შექმნას საშუალო რადიუსის მქონე დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების არსენალი, რომლებსაც შეუძლიათ რუსული სამიზნეების განადგურება ისეთ ოპერატიულ სიღრმეში, რაც რუსი ოკუპანტების მიერ ფრონტის ხაზზე შეტევითი ოპერაციების განხორციელებას შეუძლებელს ხდის.
როგორც გამოცემა Business Insider წერს, ბოლო თვეებში რუსული არმიის წინსვლა სულ უფრო ძვირი ჯდება.
„წინსვლის ყოველი კილომეტრი მტერს არაპროპორციულად დიდი დანაკარგების ფასად უჯდება“ – განუცხადა ჟურნალისტებს ბოლო შეხვედრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა.
მისი თქმით, 2025 წლის ოქტომბერში რუსული არმია ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 67 ჯარისკაცს (დაღუპულს ან დაჭრილს) კარგავდა. ეს მაჩვენებელი იანვარში 165-მდე, თებერვალში 244-მდე, მარტში 254-მდე გაიზარდა, ხოლო აპრილში 179 შეადგინა. ფედოროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ აპრილის თვეში მოსკოვმა 35 203 სამხედრო დაკარგა.

