„მინდა მოვუწოდო მოსამართლეებს, მათი ძალიან მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
ამ განცხადებით მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
„მინდა გამოვეხმაურო იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს მედიაში, რომელშიც ჩართული არიან მოსამართლეები, პოლიტიკოსები. პროცესს, რომელიც, სამწუხაროდ, აზიანებს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტს ჩვენი ქვეყნისა. მინდა მოვუწოდო მოსამართლეებს, მათი ძალიან მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა პოლიტიკოსებსაც მიმართა და სთხოვა, რომ სხვა თემაზე გადაერთონ.
„მინდა ვთხოვო ასევე პოლიტიკოსებს, რომ იქნებ მოხერხდეს სხვა თემებზე გადართვა და მედიაში ჩვენი უმნიშვნელოვანესი, სახლემწიფოებრივი ინსტიტუტის ასეთი ფართო დისკუსიისგან დაცვა. იმედი მაქვს, რომ როგორც მოსამართლეები თავის მაღალი სტატუსით, ასევე პოლიტიკოსები გაითვალისწინებენ, რომ პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად არსებობს რაღაცეები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.