აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ლუკაშენკოსთვის, როგორც ფრთხილი ადამიანისთვის, რომელსაც სურს პენსიამდე მიღწევა, სასურველი იქნებოდა, ჩუმად ყოფილიყო” – მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს, განცხადებების კეთების ნაცვლად, დუმილს ურჩევს, თუ პენსიამდე მიღწევა სურს. პოდილიაკი გამოეხმაურა ალექსანდრ ლუკაშენკოს კომენტარს, სადაც ბელარუსის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ერთი სამიზნე ეგულება, რომელშიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ზელენსკის ოფისი იგულისხმება.

თავის მხრივ, ალექსანდრ ლუკაშენკომ ეს კომენტარი უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ მადიარ ბროვდის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ბროვდი წერდა, რომ უკრაინას ბელარუსში უკვე მონიშნული აქვს პირველი 500 სამიზნე, რომლებსაც საპასუხო დარტყმას მიაყენებენ, თუ მინსკიდან უკრაინის მიმართულებით თავდასხმები განხორციელდება.

მიხაილ პოდოლიაკის თქმით, ლუკაშენკოს ეს კომენტარი უფრო „პროპაგანდისტული“ ხასიათისაა, თუმცა ის ომში ჩართვას თუ გადაწყვეტს, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

„მაშინ ნახევრადცარიელი ავტომატით, უფრო ზუსტად კი, უმჭიდო „აკაშკით“ [АкК-47”] სირბილი ბავშვური თამაში იქნება. ჩვენ ვხედავთ ესკალაციის რისკებს ჩრდილოეთის მიმართულებით. ვგულისხმობ ბელარუსის ტერიტორიას. ვამჩნევთ გარკვეულ მოქმედებებს, ჩვენი დაზვერვა მათ ამჩნევს. ეს და გარკვეული სამხედრო ნაწილების გადაყვანა და საზღვრის გასწვრივ მაქსიმალურად სწრაფად ბანაკების გაშენება, ლოგისტიკა, გზები და ა.შ. ამასთან დაკავშირებით რას ამბობენ ჩვენი სამხედროები? ისინი მკაფიოდ აცხადებენ: თუ იქიდან ისევ დაიწყება დრონების, რაკეტების გაშვება, მაშინ ჩავთვლით, რომ ეს ტერიტორია აქტიურად ჩართულია საბრძოლო მოქმედებებში, აქედან გამომდიანრე შედეგებით. შედეგების ხილვა კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეგიძლიათ; მეორე, შეუძლია, იტრაბახოს, რითიც უნდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს დამუშავებული ტექნოლოგიები შორ მანძილზე ოპერაციებისთვის. ვხედავთ, რა ხდება რუსეთის ნავთობის ინდუსტრიაში. შესაბამისად, ბელარუსის შიგნით არსებული მანძილების გათვალისწინებით (ისინი ოდნავ განსხვავდებიან რუსეთში არსებულისგან), შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ მთელი ტერიტორია ცეცხლის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში, საკვანძო ობიექტები განადგურდება.

ბატონი ბროვდის და ყველა სხვა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის რიტორიკა მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: „დაფიქრდით, ვიდრე დაუფიქრებელ ნაბიჯებს გადადგამთ“. ანუ, ჩაერთოთ თუ არა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბელარუსი რუსეთი არ არის. ჩვენ გვესმის, რომ ბელარუსის მოქალაქეები ომს სრულიად განსხვავებულად აღიქვამენ და ისინი ხვდებიან, რომ ის, რასაც დღეს რუსეთი აკეთებს, საშინელებაა. ისინი ბევრად უფრო ნათლად ხვდებიან მშვიდობასა და ომს შორის განსხვავებას, ლუკაშენკოსგან განსხვავებით, რომელსაც უბრალოდ ლაპარაკი უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მიესალმებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომს, ბელარუსში, რა თქმა უნდა, ასეთი განწყობა არ იყო. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანას, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ომს, სანამ რაიმე განცხადების გაკეთებას  ან თავდასხმისთვის ტერიტორიის დათმობას დაიწყებს, ალბათ საჭიროა ცოტა დაფიქრება. მესმის, რომ აუცილებელია ძალაუფლების გადაცემის უზრუნველყოფა და დინასტიის აშენება (ამ ყველაფერს სარკასტულად ვამბობ), მაგრამ მიუხედავად ამისა, მისთვის, როგორც ფრთხილი ადამიანისთვის, რომელსაც სურს პენსიამდე მიღწევა, სასურველი იქნებოდა, დღეს უბრალოდ ჩუმად ყოფილიყო“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

იტვირთბა....