თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის” ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლებსაც მისი აზრით თავდაცვის მინისტრი უნდა აკმაყოფილებდეს.
ხარშილაძის შეფასებით ახლახანს დანიშნული ლევან იზორია არც ერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
“თავდაცვის მინისტრის შესარჩევად სამი ძირითადი კრიტერიუმი არის აქტუალური, იდეაში შეიძლება ბევრად უფრო მეტიც იყოს, მაგრამ ესენი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით:
პოლიტიკური ძალა/გავლენა – ორი რაიმე შემოაქვს ჯარში, მორალი და დაფინანსება. ჯარის შენახვა ღირს ძვირი, კიდევ უფრო ძვირია მისი განვითარება, პოლიტიკურად ძლიერ მინისტრს მეტი შანსი აქვს მაღალი დაფინანსების მოპოვების. ასევე ძლიერი პოლიტიკური პოზიციების მქონე მინისტრს ჯარი კარგად გრძნობს და რწმუნდება თავის პრიორიტეტულობაში, რაც მისი მორალის ამაღლებას აძლევს ბიძგს და სხვა ტრადიციული პროფესიებისაგან განსხვავებით მორალი ჯარში უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
პროფესიონალიზმი – განვითარებულ ქვეყნებში სასურველი ხოლო ჩვენს მსგავს განვითარებად ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია. არასაკმარისად ძლიერი ინსტიტუტების პირობებში ძალიან დიდი ზიანი მოაქვს ახლად მოსულ ჯერ გაურკვეველი პირის “ორიგინალურ იდეებს” ან იმ საფრთხეს რომ ის ან მისი გარემოცვა შესაძლოა უწყების შიგნით არსებული რომელიმე ჯგუფის გავლენის ქვეშ მოექცეს. ამ შემთხვევაში ნაკლებად აქტუალურია თუ რა მოტივით ჩადის სისულელებს გაუცნობიერებელი ადამიანი, პირადი ანგარით თუ უბრალოდ უცოდინრობით. ქართული ირონია, როდესაც ბოლო-ბოლო წვალებით და მოთმინებით ვასწავლით ასეთ ადამიანს თავდაცვის საფუძვლებს, პოლიტიკური დრო გაუვა და მის ადგილას ახალი “ენთუზიასტი” მოდის.
საერთაშორისო პოზიციები – დღეს ეს ყველგან მნიშვნელოვანია, ჯარის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია დიპლომატია გახდა, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, როდესაც ამდენ კარზე ვაკაკუნებთ და გარე დახმარების ფაქტორი მნიშვნელოვანია ჯარის განვითარებისათვის.
იდეალურ შემთხვევაში სამივე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, კარგია თუ ორს, უკიდურეს შემთხვევაში ერთს.
ბატონი ლევან იზორია, რომელიც კომკავშირის არ არსებობის პირობებში ქართულ ოცნებაში იკეთებს წარმატებულ კარიერას, რთული სათქმელია თუ რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ ფაქტია რომ მისი დანიშვნა “ქართული ოცნების” “ბრწყინვალე” საკადრო პოლიტიკის კიდევ ერთი ნიშანია”.-წერს ხარშილაძე.
შეგახსენებთ, ლევან იზორია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრად პირველ აგვისტოს დანიშნა. იზორია მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის მოადგილედ მუშაობდა.