ფონდი „იავნანა“ განცხადებას ავრცელებს:
„ნუ გამოიყენებთ ფონდ „იავნანას“ სახელს პოლიტიკური „შავი პიარისთვის“!
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ“ არაერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც თხოვნით მიმართავს გარკვეულ ძალებს არ გამოიყენონ ფონდის სახელი პოლიტიკური მიზნებისა და „შავი პიარისთვის“.
2016 წლის 20 ივლისის გაზეთ „ახალი თაობის“ N170 ნომერში კვლავ გამოქვეყნდა ანონიმური ავტორის სტატია სახელწოდებით ”რაში ხარჯავს პაატა ბურჭულაძე მოქალაქეების საქველმოქმედო შენაწირს?”. სტატია მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს და ნიშანდობლივია, რომ მას არ ახლავს ავტორის სახელი.
შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძემ ფონდის მართვიდან გასვლის შესახებ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, იგი ასევე ყველა კანონის დაცვით, როგორც კი გახდა პოლიტიკური სუბიექტი სრულად გაემიჯნა ფონდის გამგეობას.
ზემოაღნიშნულ სტატიაში დასმულ შეკითხვას კი დაინტერესებულ პირთათვის ნათლად პასუხობს ფონდის მიერ ყოველწლიურად კანონის მოთხოვნის საფუძველზე გამოქვეყნებული წლიური ანგარიში. „იავნანას“ საქმიანობა ყოველთვის იყო გამჭვირვალე, ფონდი გაწეული ქველმოქმედების შესახებ, ყოველი აქციის დასასრულს დეტალურ ანგარიშს აბარებდა საზოგადოებას, მაყურებელს აგრეთვე შესაძლებლობა ეძლეოდა პირდაპირ ეთერში, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე საკუთარი თვალით ეხილა ბენეფიციარი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეძენილი სახლების ვიდეო-გამოსახულება. ფონდი ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს ყველა საგადასახადო მოთხოვნას. საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ყოველწლიურად ბარდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ დადასტურებული ფინანსური დოკუმენტი. აგრეთვე, ყოველწლიურად ქვეყნდება წლიური პროგრამული ანგარიში (ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვა“, „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“), სადაც დაწვრილებით არის აღწერილი თუ რაში დაიხარჯა ფონდის მხარდამჭერთა მიერ გაღებული შემოწირულობები.
„იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფი და ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, ნუ შეუწყობთ ხელს სრულიად უსამართლო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ინფორმაციების გავრცელებას. ნუ გახდებით პოლიტიკური „შავი პიარის“ ნაწილი. დაუშვებელია, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების გამო, ვთელავდეთ იმ ფონდის საქმიანობას, რომელიც სიკეთის კეთების სურვილით ანთებულ ათასობით ადამიანს აერთიანებდა 12 წლის მანძილზე. „იავნანა“ არასოდეს ყოფილა კავშირში რაიმე ტიპის პოლიტიკურ მოძრაობასთან და არც მომავალში იქნება, ფონდის მთავრი მისიაა ობოლ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დასახმარებელი სოციალურ-კულტურული პროექტების განხორციელება, სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების თანადგომა. ფონდმა ასევე შეძლო საერთაშორისო ავტორიტეტის მოპოვება. მთელ ქართულ საზოგადოებასთან, საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღიარებულ არტისტებტან ერთად, სოციალურად დაუცველი 115 ოჯახი დააბინავა, 879 სტუდენტს ნაწილობრივ დაუფინანსა სწავლების საფასური. 2008 წლის 25 სექტემბრიდან 2014 წლის იანვრამდე, ყოველთვიური დახმარებას ურიცხავდა აგვისტოს ომის დროს დაობლებულ 133 ბავშვს. დღემდე „იავნანას“ მზრუნველობის ქვეშ იმყოფება 7 წლის დიტო რაზმაძე, რომელსაც გორის დაბომბვის დროს დაეღუპა მშობლები. 12 წლის მანძილზე „იავნანამ“ 7000-ზე მეტ ბავშვს გაუწია სხვადასხვა სახის დახმარება.
დიდი მადლობა ფონდის ერთგულ მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თუნდაც ერთი ზარი განუხორციელებია ჩვენს საქველმოქმედო ნომერზე ან ერთი თეთრი ჩაუგდია ფონდის ყულაბაში. „იავნანა“ სიკეთით გვაერთიანებს!“-ნათქვამია განცხადებაში.